დიდი ბრიტანეთის სამხრეთ სანაპიროზე, ქალაქ ბორნმუთთან, მეწყერი ხშირი მოვლენაა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, პრობლემას ახალი ტექნოლოგიებით გამკლავებოდა — და შედეგმაც არ დააყოვნა.
ჩვენი ყურადღება ამ ისტორიაზე შემთხვევით არ შეჩერებულა: საქართველოსთან პარალელი აშკარაა. სტატია “Efficient IoT-enabled Landslide Monitoring“, რომელიც ბორნმუთელმა მკვლევრებმა მეთიუ ბატლერმა (Matthew Butler), პროფესორმა მარიოს ანგელოპოულოსმა და დაგ მაჰიმ მოამზადეს.
რა არის მეწყერი და რატომ სჭირდება მას მონიტორინგი
მეწყერი მიწის მასის მოულოდნელი და სწრაფი ჩამოწოლაა ფერდობზე. მას მხოლოდ გრავიტაცია არ იწვევს — გავლენას ახდენს ძლიერი წვიმა, ნიადაგის მდგომარეობა, მიწისქვეშა წყლის დონე და ტემპერატურის ცვლილება. საქართველოსთვის განსაკუთრებით აქტუალურია კიდევ ერთი ფაქტორი — ადამიანის საქმიანობა, უპირველესად კი მთიან ადგილებში ახალი გზებისა და მაგისტრალების მშენებლობა.
პრობლემა ისაა, რომ მეწყრის ტრადიციული კონტროლი — ადგილზე გასვლა, ვიზუალური დათვალიერება და ძვირადღირებული აპარატურით გაზომვა — ძვირი ჯდება, დროს მოითხოვს და შედეგსაც ყოველთვის დროულად არ იძლევა. სწორედ ამიტომ ეძებენ უფრო იაფ და ხელმისაწვდომ გზებს.
გამოსავალი: “ნივთების ინტერნეტი”
“ნივთების ინტერნეტი” (ინგლისურად — IoT) მარტივად ასე აიხსნება: ჩვეულებრივი მოწყობილობები — სენსორები, მრიცხველები, კამერები — ინტერნეტს უერთდება და შეგროვებულ მონაცემებს თავად, ადამიანის ჩარევის გარეშე აგზავნის. თქვენ კი მათ კომპიუტერის ან ტელეფონის ეკრანზე ხედავთ.
ბორნმუთის უნივერსიტეტმა და კომპანია Net Sensors-მა სწორედ ასეთი სისტემა შექმნეს მეწყრის სამონიტორინგოდ.
როგორ მუშაობს სისტემა
მიწაში ჩაფლულია მცირე ზომის ავტონომიური მოწყობილობები — თითოეული დამცავ კონტეინერშია მოთავსებული, რომ ტენმა და მექანიკურმა ზემოქმედებამ არ დააზიანოს. ისინი დენის წყაროს არ საჭიროებენ, ბატარეაზე მუშაობენ.
თითოეულ მოწყობილობას სამი სახის სენსორი აქვს:
- ნიადაგის ტენიანობის სენსორი — ზომავს, რამდენად გაჟღენთილია მიწა წყლით;
- ტემპერატურის სენსორი;
- მოძრაობის სენსორი — აფიქსირებს მიწის უმცირეს გადაადგილებასაც კი. ის იმავე პრინციპით მუშაობს, რითიც მობილური ტელეფონი ხვდება, რომ მოწყობილობა შემოაბრუნეთ და ეკრანიც შესაბამისად უნდა შემობრუნდეს.
მოწყობილობები ყოველ 10 წუთში აგროვებენ მონაცემებს და უკაბელო კავშირით სერვერზე აგზავნიან. კავშირი სპეციალურ ქსელს იყენებს, რომელიც ენერგიას ძალიან ცოტას ხარჯავს — სწორედ ამიტომ ბატარეა დიდხანს ძლებს და მოწყობილობა თვეობით არ საჭიროებს მომსახურებას.
სერვერზე მოგროვილი ციფრები ავტომატურად გადაიქცევა გრაფიკებად და დიაგრამებად — ისეთი სახით, რომ სპეციალური ცოდნის გარეშეც ადვილად აღიქმება, სად და როდის მოიმატა ტენიანობამ ან სად დაიძრა ნიადაგი.
რატომ არის ეს მეთოდი ეფექტური
- იგი იაფია – IoT-მოწყობილობები ტრადიციულ საზომ აპარატურაზე გაცილებით ნაკლები ღირს და მათი დამონტაჟებაც მარტივია.
- სისტემა მუდმივად გვაწვდის ინფორმაციას – მონაცემები ყოველ 10 წუთში ახლდება. აუ, საშიშ ცვლილებას შეამჩნევთ მაშინვე, და არა მაშინ, როცა შემდეგი დაგეგმილი შემოწმება ჩატარდება.
- რეინჯერს წვიმის დროს ადგილზე გასვლა არ სჭირდება – ინფორმაცია ავტომატურად ხვდება სერვერზე და ინტერნეტით ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროსაა ხელმისაწვდომი.
- იგი მარტივად გამოსაყენებელია – მონაცემების საჩვენებელი პროგრამა ინტუიციურია. მისი გამოყენება ტექნიკურ განათლებას არ მოითხოვს.
შედეგი
სისტემა პირველად ბორნმუთის სანაპირო ზოლში დამონტაჟდა — იქ, სადაც წარსულში უკვე მოხდა სერიოზული მეწყერი და ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა (საბედნიეროდ, მსხვერპლის გარეშე).
ექვსთვიანი ტესტირების განმავლობაში სისტემა უწყვეტად მუშაობდა და საიმედოდ აწვდიდა ინფორმაციას ნიადაგის მდგომარეობასა და მცირე მოძრაობებზე. ძლიერი წვიმების დროს სენსორებმა ტენიანობის მკვეთრი მატებაც დააფიქსირეს და მიწის მოძრაობაც — სწორედ ის, რისთვისაც სისტემა შეიქმნა.

რა იგეგმება
ბორნმუთის ხელისუფლება სისტემის გაფართოებასა და დამატებითი ზონების მონიტორინგს გეგმავს. პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბრიტანეთის გეოლოგიურ სამსახურთან, რომ ტექნოლოგია ქვეყნის სხვა რეგიონებშიც დაინერგოს.
ეს პროექტი კარგად აჩვენებს, რას ნიშნავს თანამედროვე ტექნოლოგიის — კონკრეტულად კი “ნივთების ინტერნეტის” — პრაქტიკული გამოყენება: ის ერთდროულად ამცირებს ხარჯებს და ხსნის ისეთ შესაძლებლობებს, რაც აქამდე უბრალოდ არ არსებობდა.
ეს მაგალითი სხვა ქვეყნებისთვისაც სასარგებლოა — მათ შორის საქართველოსთვის, სადაც სტიქიური მოვლენები ხშირია. ასეთი ტექნოლოგიების დანერგვა შეიძლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდეს მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის დასაცავად.


