პაკისტანის ქალაქ ლაჰორში მუსონური წვიმები წლიდან წლამდე ტბორავს ქუჩებს. მუნიციპალურმა სამსახურმა სენსორების ქსელი გამართა, რომელიც წყლის დონესა და ნალექის ოდენობას რეალურ დროში ზომავს და საფრთხეზე წინასწარ აფრთხილებს საგანგებო სამსახურს.
საფრთხე გამოჩნდა მაშინ, როცა უკვე გვიანი იყო
მუსონის სეზონზე ლაჰორში ძლიერი წვიმა ხშირად იმაზე სწრაფად მოდის, ვიდრე ქალაქის სანიაღვრე სისტემა ასწრებს წყლის გატარებას (ჩვენსავით სანიაღვრეს სისტემის პრობლემა აქვთ). ყოველ ჯერზე ერთია შედეგი – იკეტება გზები, ზიანდება სახლები და მაღაზიები, ჩერდება მოძრაობა, ქალაქი ზარალდება.
ქალაქის წყალმომარაგებისა და სანიაღვრე სააგენტოს (WASA Lahore) მთავარი პრობლემა ინფორმაციის ნაკლებობა იყო. საშიში ადგილები მთელ ქალაქშია გაფანტული, წყალი კი წვიმისას მატულობს რაღაც წუთებში. თანამშრომლები ძირითადად ადგილზე პერიოდულ შემოწმებას ეყრდნობოდნენ, ამიტომ როცა საფრთხე აშკარა ხდებოდა, მაშველებისა და ტექნიკის გასაგზავნად დრო თითქმის აღარ რჩებოდა.
ბოლოს იხვდნენ, რომ მხოლოდ ნალექის გაზომვაც არ კმარა. ერთი და იგივე წვიმის დროს ერთი არხი წყალს უმკლავდება, მეორე კი ივსება ღორღით და გზის გვირაბს ტბორავს. ზუსტი სურათისთვის ორივე რამ უნდა სცოდნოდათ – რა რაოდენობის წვიმა მოვიდა და კონკრეტულ ადგილას რამდენით აიწია წყალმა.
გამოსავალი – სამი რგოლი, ერთი ეკრანი
სისტემა პაკისტანურმა კომპანია DynaSys Networks-მა ააწყო WASA-სთან ერთად, ჩინური მწარმოებლის Milesight-ის მოწყობილობებით. იგი სამი რგოლისგან შედგება.
- წყლის დონის სენსორები (20 ცალი). დამონტაჟდა სანიაღვრე არხებზე, ხიდებთან და გზის გვირაბებში, სადაც წყალი ყველაზე ხშირად გროვდება. სენსორი წყლის ზემოთ არის დაკიდებული და რადარის პრინციპით მუშაობს: ქვემოთ აგზავნის სიგნალს და ზომავს, რამდენ ხანში დაბრუნდება იგი წყლის ზედაპირიდან. ასე იგებს, რა მანძილია წყლამდე, ანუ რამდენით აიწია დონემ. წყალთან შეხება არ სჭირდება, ამიტომ ნაგავი და ტალახი მას არ აფერხებს.
- ნალექმზომები და „კონტროლერები“ (16 ცალი). ჩვეულებრივი ნალექმზომი ითვლის, რამდენი წვიმა მოვიდა. მასზე მიერთებული პატარა ყუთი, კონტროლერი, ამ მონაცემს აგროვებს და რადიოსიგნალით გადასცემს.
- ბაზური სადგურები (25 ცალი). ტელეკომუნიკაციის ანძებზე დაყენებული მიმღებები იჭერენ ყველა სენსორის სიგნალს და ინტერნეტით აგზავნიან სერვერზე.
საბოლოოდ ყველა მონაცემი ერთ ეკრანზე ჩანს: ოპერატორი ერთდროულად ხედავს, სად რამდენი წვიმა მოდის და სად რა დონეზეა წყალი. თითოეული ადგილისთვის წინასწარ არის დადგენილი საშიში ზღვარი. როგორც კი წყალი მას მიუახლოვდება ან გადააჭარბებს, სისტემა ავტომატურად აგზავნის გაფრთხილებას.
რა არის „ნივთების ინტერნეტი“ და LoRaWAN?
„ნივთების ინტერნეტი“ (Internet of Things, IoT) ეწოდება მოწყობილობებს, რომლებიც ადამიანის ჩარევის გარეშე რაღაცას ზომავენ და მონაცემს ინტერნეტით აგზავნიან: თერმომეტრი, მრიცხველი, წყლის დონის სენსორი.
ასეთ სენსორებს მობილური ინტერნეტი და SIM-ბარათი ხშირად არ სჭირდებათ. ისინი იყენებენ საკუთარ, სპეციალურ რადიოქსელს – LoRaWAN-ს ან mioty-ს.
ეს ქსელი ძალიან მცირე ინფორმაციას გადასცემს (მაგალითად, ერთ რიცხვს: „წყლამდე 1,2 მეტრია“), მაგრამ შორ მანძილზე, ქალაქში რამდენიმე კილომეტრზე, და ძალიან ცოტა ენერგიას ხარჯავს. ამიტომ ერთ ბაზურ სადგურს შეუძლია ბევრი სენსორის მომსახურება, თავად სენსორები კი ხშირად წლობით მუშაობენ ერთ ცალ 3 ვოლტიან აკუმულატორზე.
შედეგად გვაქვს მეტი დრო რეაგირებისთვის
- უწყვეტი დაკვირვება. WASA-ს თანამშრომლები სიტუაციას დისტანციურად, ერთი ეკრანიდან ადევნებენ თვალს და მხოლოდ ადგილზე გასვლაზე აღარ არიან დამოკიდებული.
- უფრო ზუსტი შეფასება. ნალექისა და წყლის დონის ერთად ნახვით ჩანს, რომელი უბანი როგორ რეაგირებს ძლიერ წვიმაზე. ეს აუმჯობესებს პროგნოზს.
- ადრეული გაფრთხილება. ზღვარზე მიბმული შეტყობინებები ბრიგადებს წყლის მატებას კრიტიკულ მდგომარეობამდე აჩვენებს და მეტ დროს აძლევს ხალხისა და ტექნიკის გასაგზავნად.
- ნაკლები ზარალი. დროული მოქმედება, მოლოდინის მიხედვით, შეამცირებს წყალდიდობის შემდგომ აღდგენის ხარჯებს და ქალაქის ცხოვრების შეფერხებას.
WASA-ს წარმომადგენლის თქმით, პირველად შეძლეს ერთდროულად და პირდაპირ რეჟიმში დაინახონ როგორც ნალექი, ისე წყლის მატება, რაც საშუალებას აძლევთ იმოქმედონ, სანამ მდგომარეობა კრიტიკული გახდება.
რატომ არის ეს საინტერესო საქართველოსთვის
თბილისს 2015 წლის 13 ივნისის ვერეს ხეობის სტიქია ახსოვს, მთის მდინარეები და ქალაქის სანიაღვრე არხები კი წყალდიდობის რისკს ყოველ წელს ქმნის. ლაჰორის მაგალითი აჩვენებს, რომ წყლის დონისა და ნალექის უწყვეტი გაზომვა და ავტომატური გაფრთხილება არ საჭიროებს რთულ ინფრასტრუქტურას: საკმარისია რამდენიმე ათეული სენსორი და მათთვის განკუთვნილი რადიოქსელი.
სტატიის წყარო:
Milesight, „Urban Flood Monitoring and Early Warning with LoRaWAN“, წარმატების ისტორია (Success Story).
https://resource.milesight.com/milesight/iot/document/success-stories/iot-lorawan-urban-flood-monitoring-pakistan.pdf
ასევე: საფრთხეები მაღალმთიან აჭარაში და მეწყერის მონიტორინგის სისტემა


