აქტივების მენეჯმენტი: IoT-ის დანერგვით გამოწვეული ცვლილებები მიწოდების ჯაჭვში

სიახლე· · · 28 მარტი, 2024· 133
აქტივების მენეჯმენტი: IoT-ის დანერგვით გამოწვეული ცვლილებები მიწოდების ჯაჭვში

ბიზნეს პროცესების სიზუსტით მართვა მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებითაა შესაძლებელი. ნივთების ინტერნეტი (IoT) და 0G ქსელი რიგი ფაქტორების სრულყოფილი ანალიზის საფუძველზე გვეხმარება ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში და კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს მენეჯმენტის პროცესი მეტად მომგებიანი, ეფექტური და უსაფრთხო გახადონ.

IoT-ის შესაძლებლობების მობილურ მოწყობილობებზე გაფართოების მიზნით, 2010 წლიდან დაიწყო ნივთების მობილური ინტერნეტის (M-IoT) კონცეფციის შექმნა. აღნიშნული იდეის წარმოშობა შესაძლოა უსადენო კომუნიკაციის მიღწევებს, IoT კომპონენტების მინიატურიზაციას, მობილური მოწყობილობების ფართოდ გავრცელებას, ტექნოლოგიების კონვერგენციას და მობილური ეკოსისტემების სრულყოფას მივაწეროთ.

ნივთების ინტერნეტისა (IoT) და ნივთების მობილური ინტერნეტის (M-IoT) ურთიერთმიმართებას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს როგორც ბიზნესის მართვაზე, აგრეთვე მიწოდების ჯაჭვის ოპერაციებზე. მენეჯმენტის ნაწილში, IoT და M-IoT ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებულ გაძლიერებულ ხილვადობას, ეფექტურობასა და კონტროლს უზრუნველყოფს.

ნივთების მობილური ინტერნეტი (M-IoT) მსოფლიოს მასშტაბით არსებული მილიარდობით მოწყობილობისგან შედგება. მოწყობილობების ეს ერთობლიობა ბიზნესს აქტივების ფართო სპექტრის მართვაში ეხმარება და მაღალი ღირებულების ნივთების ქურდობასთან დაკავშირებულ ბრძოლაში პრევენციულ ფაქტორს წარმოადგენს. აქტივების მენეჯმენტის ნაწილში, შესაძლოა ყურადღება გავამახვილოთ კომუნალურ მრიცხველებზე, რომლებიც წყლის მოხმარებას და ამ პროცესთან დაკავშირებულ უსარგებლო დანაკარგს აღრიცხავენ. ამ მიმართულებით, აგრეთვე, საინტერესოა მიწოდების ჯაჭვის საკითხი, რაც შესაძლოა ყოველდღიური მოხმარების საგნების ან მალფუჭებადი პროდუქტის ტრანსპორტირებასა და შენახვას უკავშირდება.

ნივთების მობილური ინტერნეტის (M-IoT) გავლენა აქტივებისა და მიწოდების ჯაჭვთან დაკავშირებული პროცესების მართვაზე უმნიშვნელოვანესია. აღნიშნული ტექნოლოგია ბიზნესს საშუალებას აძლევს გააკონტროლოს აქტივების მდგომარეობა და დარწმუნდეს, რომ ისინი მდგრადობის სტრატეგიის შესაბამისად, ორგანიზაციული მიზნის საფუძველზე იმართებიან.

მაღალსიჩქარიან მობილურ ქსელებზე (5G და 4G) დაყრდნობის ნაცვლად, M-IoT მოწყობილობები სარგებლობენ 0G ქსელით, რომელიც დაბალი გამტარუნარიანობის, ენერგოეფექტური მონაცემთა გადაცემისთვისაა შექმნილი.

ვინაიდან თანამედროვე ბიზნეს პროცესები არა მხოლოდ ეფექტურობაზე, არამედ მდგრადობის მიზნებზეცაა ფოკუსირებული, M-IoT ტექნოლოგია ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორს სთავაზობს გამოყენების ფართო სპექტრს. მაგალითად, სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით, M-IoT-ის ფუნქცია ყოვლისმომცველ მიდგომას გულისხმობს და არამხოლოდ აქტივების მდებარეობის მონიტორინგს უზრუნველყოფს, არამედ აკონტროლებს პირუტყვის მოძრაობას და მინდვრების მდგომარეობას.

IoT გადამწყვეტ როლს ასრულებს ახალი ტექნოლოგიების არქიტექტურის, სტრატეგიისა და დიზაინის შექმნაში. 2025 წლისთვის დაგეგმილი 24 მილიარდი დოლარის ოდენობით განსახორციელებელი ინვესტიცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ მიმართულების სრულყოფას და კომპანიებს წარმოების პროცესის უფრო მდგრადი გზებით მართვის შესაძლებლობას მისცემს.

ზემოთ აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ნივთების მობილური ინტერნეტი (M-IoT) არის ტრანსფორმაციული ძალა, რომლის ბიზნეს პროცესებში ინტეგრაცია კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს ციფრული ლანდშაფტისთვის საჭირო კონკურენტუნარიანობა და მოქნილობა შეინარჩუნონ.

აქტივების მართვის ნაწილში, IoT და M-IoT მიწოდების ჯაჭვის სრული მასშტაბით იძლევა აქტივების რეალურ დროში მონიტორინგის შესაძლებლობას. ეს საშუალებას აძლევს ბიზნესს ეფექტურად მართოს მარაგები, შეამციროს დანაკარგები და გონივრულად გამოიყენოს აქტივები.

რაც შეეხება მიწოდების პროცესის ოპტიმიზაციას, IoT და M-IoT ხელს უწყობს მიწოდების ჯაჭვის საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვებასა და ანალიზს. ეს მონაცემები შესაძლოა გამოყენებულ იქნას ლოჯისტიკის ოპტიმიზაციის, მოთხოვნის პროგნოზირებისა და მარაგის შევსების მიზნით. ეს ყოველივე მნიშვნელოვნად განაპირობებს ბიზნეს ოპერაციების ეფექტურობასა და ხარჯების შემცირებას.

ხარისხის კონტროლთან დაკავშირებული გავლენის ანალიზისას, უნდა აღინიშნოს, რომ IoT და M-IoT მოწყობილობების წარმოების პროცესებში ინტეგრირებით, ბიზნესს შეუძლია რეალურ დროში აკონტროლოს ხარისხის პარამეტრები. ეს ხელს უწყობს როგორც პრობლემების სწრაფ იდენტიფიცირებასა და გამოსწორებას, აგრეთვე, წარმოების საერთო ხარისხის გაუმჯობესებას.

დისტანციური მონიტორინგის ნაწილს რაც შეეხება, აღჭურვილობის მუშაობისა და მათი ოპერირების შესახებ მონაცემების შეგროვების საფუძველზე, კომპანიას პროაქტიულად შეუძლია დაგეგმოს ტექნიკური შემოწმება და ბიზნეს საქმიანობის შეფერხების დრო შეამციროს.

თუ ზემოთ აღნიშნულ ყოველ ასპექტს მთლიანობაში, ერთი მოცემულობის სახით აღვიქვამთ, ცალსახა გახდება, რომ IoT-ისა და M-IoT-ის ბიზნესს პროცესებში ინტეგრირების გზით მნიშვნელოვნად გაიზრდება მომხმარებელთა კმაყოფილების დონე და გაუმჯობესდება მათი გამოცდილება. ამის საფუძველი გახლავთ ის, რომ ეს ტექნოლოგიური მიღწევები ბიზნესს საშუალებას აძლევს რეალურ დროში შეაგროვოს მონაცემები მომხმარებლის ქცევისა და პრეფერენციების შესახებ. ამ ინფორმაციის გამოყენება კი შესაძლებელია როგორც შეთავაზებების პერსონალიზებისთვის, აგრეთვე, მომხმარებელთა მომსახურების საერთო ხარისხის გასაუმჯობესებლად.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიწოდების ჯაჭვის კონტექსტში, IoT-ისა და M-IoT-ის ურთიერთდაკავშირება რამდენიმე მნიშვნელოვან სარგებელს გულისხმობს:

  • რეალურ დროში ხილვადობა: IoT და M-IoT ტრანსპორტირებისას პროდუქტის გადაადგილების, ინვენტარის მდგომარეობისა და გარემო პირობების (მაგ. ტემპერატურა, ტენიანობა) რეალურ დროში ხილვადობას უზრუნველყოფს. ყოველივე ეს აუმჯობესებს მიწოდების ჯაჭვის ხილვადობას, ამცირებს შეფერხებებს და აძლიერებს მყისიერ რეაგირებას საბაზრო მოთხოვნის ცვლილების შესაბამისად.
  • ინვენტარის ეფექტური მენეჯმენტი: IoT და M-IoT ტექნოლოგიების გამოყენებით, ბიზნესს ინვენტარის ზუსტი და ავტომატიზირებული მიკვლევა შეუძლია, რაც, თავის მხრივ მოთხოვნის ეფექტური დაგეგმვის შესაძლებლობას იძლევა და ჭარბი მარაგის პრობლემას აღმოფხვრის.
  • პროგნოზირებადი ანალიტიკა: IoT და M-IoT განსაკუთრებული რაოდენობას მონაცემებს ქმნიან, რომელთა ანალიზის საფუძველზე რელევანტური ინფორმაციის მიღება და პროგნოზირებადი ანალიტიკის მიწოდების ჯაჭვში ინტეგრირებაა შესაძლებელი. ეს ხელს უწყობს მოთხოვნის პროგნოზირებას, პოტენციური შეფერხებების იდენტიფიცირებას და მიწოდების ჯაჭვის პროცესების ოპტიმიზაციას.
  • მიკვლევადობა და შესაბამისობა: IoT-ისა და M-IoT-ის მეშვეობით, ბიზნესს შეუძლია სრულფასოვნად უზრუნველყოს რეგულაციებისა და ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ ინდუსტრიებში, როგორიცაა ფარმაცევტული და საკვები პროდუქტების სფერო, სადაც პროდუქტის ვარგისიანობასა და უსაფრთხოებას არსებითი მნიშვნელობა აქვს.
  • მიწოდების ჯაჭვის ფარგლებში თანამშრომლობა: IoT და M-IoT მიწოდების ქსელის პარტნიორებს შორის გაუმჯობესებული თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაზიარების შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა. რეალურ დროში მონაცემებზე საერთო წვდომის საშუალებით, დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მიიღონ უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილებები, კოორდინაცია გაუწიონ აქტივობებს და გააუმჯობესონ მიწოდების ჯაჭვის სრული პერფორმანსი.

წყარო: revelio