Meshtastic – საიმედო და უფასო გამოსავალი “უინტერნეტობის” ჟამს

პროექტები· · 2 აგვისტო, 2026· 63
Meshtastic – საიმედო და უფასო გამოსავალი “უინტერნეტობის” ჟამს

თბილისი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, მობილური ქსელი ნაწილობრივ გაითიშა, ან მთაში ხართ და სატელეფონო კავშირიც არ გაქვთ. როგორ გაუგზავნით მოკლე შეტყობინებას ადამიანს, რომელიც რამდენიმე კილომეტრშია?

Meshtastic შეტყობინებებს აგზავნის ინტერნეტის, სიმ-ბარათისა და მობილური ოპერატორის გარეშე. სმარტფონზე წერთ ტექსტს, მოწყობილობა კი მას მიმღებამდე მიიტანს. ერთგვარი თანამედროვე რაცია, ოღონდ არა ხმისთვის, არამედ შეტყობინებებისთვის.

თბილისში ასამდე მსგავსი მოწყობილობა დავითვალე, ნაწილი რეგიონებშია ჩართული (ფოთი და ბათუმი). ისინი ერთმანეთს აძლიერებენ (ეხმარებიან სიგნალის გადაწოდებაში).

თუ შეტყობინება მეგობარამდე პირდაპირ ვერ აღწევს, მაგრამ შუა გზაზე სხვა მოწყობილობა დგას, თქვენი წერილი მისი გავლით (ავტომატურად) მივა. რაც მეტი ასეთი მოწყობილობაა იქნება საქართველოს ტერიტორიაზე, მით უფრო დიდ ზონას დაფარავს ეს უფასო კავშირი [868 მჰც სიხშირეზე].

თბილისში რამდენიმე კილომეტრის დაშორებით გამიგზავნია და მიმიღია message-ს, ბათუმში დაფარვის ზონა იზრდება. ღია მინდორზე ათეულობით კილომეტრს დაფარავს, ხოლო თუ მთის წვერზე დგას ბაზური სადგური (ეკონომიურ მზის ენერგიაზე), მაშინ სიგნალი რეგიონს დაფარავს.

ეს არ არის ინტერნეტი, აქ ფოტოს ვერ აგზავნით, ვიდეოსაც ვერ ნახავთ, ვებგვერდიც არ გაიხსნება. მხოლოდ მოკლე ტექსტი და თქვენი ადგილმდებარეობა რუკაზე. სამაგიეროდ, მოწყობილობა PowerBank-ზე დღეების მანძილზე მუშაობს. რაც მთავარია, იგი უფასოა. ანუ, ერთხელ იყიდე და მეტი არავის არაფერს უხდი.

მსგავსი ტექნოლოგია საგანგებო სიტუაციებში დაგვჭირდება, თუნდაც მეწყერის, მიწისძვრის, წყალდიდობის შემთხვევაში, ან დენის ხანგრძლივი გათიშვისას.

ერთ ასეთ პატარა მოწყობილობას ორ კვირაზეა მეტია რაც ვცდი და მარტივი გამოსაყენებელია. ჩართავ, ტელეფონს დააკავშირებ ბლუთუსით [კაბელით] და მუშაობს. საიმედო და უფასო გამოსავალია. და რაც მეტი ადამიანი ააწყობს (ან შეიძენს) Meshtastic-ს საქართველოში, მით უფრო საიმედო გახდება ეს კავშირი კრიზისულ სიტუაციებში.

ცალკე მადლობა REVELIO-ს #ThinkNode-სთვის.