MQTT-ოქმი — როგორ “საუბრობენ” ჭკვიანი მოწყობილობები ერთმანეთთან

სიახლე· · · · 27 ივლისი, 2026· 94
MQTT-ოქმი — როგორ “საუბრობენ” ჭკვიანი მოწყობილობები ერთმანეთთან

წარმოიდგინეთ სისტემა, სადაც ათობით სენსორი აგროვებს მონაცემებს — ნიადაგის ტენიანობას, ტემპერატურას, მიწის მოძრაობას. ეს ინფორმაციას სადღაც უნდა აღმოჩნდეს და ვინმემ უნდა დაამუშაოს. სწორედ აქ გეხმარება MQTT.

ეს არის მარტივი და “მსუბუქი” ენა, რომლითაც მოწყობილობები ერთმანეთს ესაუბრებიან. ის სპეციალურად შეიქმნა დაბალი სიმძლავრის მოწყობილობებისთვის — მაგალითად, სენსორებისთვის, რომლებსაც კომპიუტერივით დიდი რესურსი არ აქვთ.

მისი მუშაობის პრინციპი საინფორმაციო სააგენტოს სიახლეების გამოწერას წააგავს. სენსორი აქვეყნებს ინფორმაციას გარკვეულ “თემაზე” (მაგალითად, “დამეწყრილი ფერდობის მდგომარეობა გომბორზე”), ხოლო ვინც ამ თემით ინტერესდება, ავტომატურად იღებს ამ მონაცემებს. არავის სჭირდება მუდმივად მოკითხვა “ხომ არ შეიცვალა რამე?” — ინფორმაცია თავად მიდის ადრესატამდე.

ორი მთავარი მონაწილე

სერვერი (broker) — მთავარი ცენტრი, ერთგვარი “საფოსტო გზავნილების ოფისი”. ის იღებს ყველა სენსორის მონაცემს და ურიგებს იმ პროგრამებს (წამკითხველებს), რომლებსაც ეს ინფორმაცია სჭირდებათ.

კლიენტი (client) — ეს არის მოწყობილობა ან პროგრამა, რომელიც ან აგზავნის მონაცემებს, ან იღებს მათ. ჩვენს სისტემაში კლიენტის როლს ასრულებს პატარა პროგრამა, რომელიც სენსორებიდან ინფორმაციას აგროვებს, ალაგებს დროის მიხედვით და გამოსახავს ეკრანზე — Dashboard-ზე, სადაც ეს მონაცემები მოხერხებული გრაფიკებისა და ცხრილების სახით ჩანს.

MQTT-ს უპირატესობა

ახალი სენსორის დამატება ადვილია, მთელ ქსელს გადაკეთება არ სჭირდება. მონაცემები თემების მიხედვითაა დალაგებული, ამიტომაც არ ირევა. ინფორმაცია კი მარტივად გადაეცემა სხვა პროგრამებსაც. და ბოლოს, ის საიმედოა — შენ გაქვს გარანტია, რომ გაგზავნილი შეტყობინება დანიშნულების ადგილამდე მიაღწევს.

მოკლედ, MQTT არის ის უხილავი მექანიზმი, რომელიც სენსორებიდან მიღებულ ინფორმაციას სისტემაში გაატარებს და მონაცემთა ბაზამდე მიიყვანს (და იქ ინახება). სწორედ ამის წყალობით შეგვიძლია რეალურ დროში დავინახოთ და გავაანალიზოთ, თუ რა ხდება ახლა. მაგალითად, დაიძრა თუ არა მიწის მასა თბილისში, ვაშლიჯვრის მეწყერის ტერიტორიაზე. ეს არის ერთ-ერთი ის საყრდენი, რაც მთელ სისტემას მოქნილს, სანდოსა და მარტივს ხდის. ჰოდა არანაირი ძვირი 4G და WiFi-როუტერები აღარ გჭირდება, ხოლო, ენერგიის ეკონომიაზე კი ცალკე სტატიის დაწერა ღირს.